მოსკოვი ზამთარს არ უნდა შეხვდეს იმ იმედით, რომ რაკეტებითა და დრონებით ტერორს შედეგების გარეშე გადაურჩება, აგრესია აქ და ახლა უნდა შეწყდეს, ვიდრე ის კიდევ უფრო გავრცელდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას ეხმიანება.
„დღეს დილით კიევში რუსული დრონი საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. ოთხი ადამიანი დაშავდა. როგორც ყოველთვის, ჩვენი მაშველები სწრაფად რეაგირებდნენ და ხანძარი უკვე ჩააქრეს.
გასულ ღამეს ოდესის ოლქში, მოლდოვასთან დამაკავშირებელ საერთაშორისო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „სტაროკოზაჩეს“ დაარტყეს. მისი მუშაობა შეჩერებულია. სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. მაშველებმა 16 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
რუსეთის თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად ასევე მიმდინარეობს სამუშაოები დნიპროს, მიკოლაივის, ზაპოროჟიეს, ხარკივის, ჟიტომირისა და კიევის ოლქებში.
სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება ამ თავდასხმებზე, რომლებსაც ფაქტობრივად ყოველდღიურად ადამიანები სიცოცხლე ეწირება, ძალიან სუსტი იყო. მაგრამ რეაგირება აუცილებელია - მოსკოვი ზამთარს არ უნდა შეხვდეს იმ იმედით, რომ რაკეტებითა და დრონებით ტერორს შედეგების გარეშე გადაურჩება.
აგრესია აქ და ახლა უნდა შეწყდეს, ვიდრე ის კიდევ უფრო გავრცელდება. მნიშვნელოვანია, რომ სანქციებმა და უკრაინის მხარდაჭერამ ამ მიზნის მისაღწევად ეფექტურად იმუშაოს.
პარტნიორებმა, რომლებსაც დახმარება შეუძლიათ, ზუსტად იციან, რა არის საჭირო ყოველდღიურად. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში გვეხმარება“, - წერს ზელენსკი.