აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, არსებობს შესაძლებლობა, რომ უახლოეს კვირებში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების განახლებისთვის საჭირო სამოქმედო გეგმა შემუშავდეს.
რუბიომ კოლუმბიაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის, კვლავ შეასრულოს შუამავლის როლი და მხარეებს შორის მოლაპარაკებების განახლებისთვის მუშაობა გააგრძელოს.
„ვფიქრობ, უახლოეს რამდენიმე კვირაში არსებობს შესაძლებლობა, შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, რათა მოლაპარაკებები განახლდეს და, შესაძლოა, მივიდეთ ორივე მხარისთვის მისაღებ შეთანხმებამდე. სწორედ ეს არის საჭირო იმისთვის, რომ ომი დასრულდეს“, - განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ბოლო ვიზიტები მოსკოვსა და კიევში „შინაარსიანი“ იყო. რუბიოს შეფასებით, შეხვედრებმა რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ მხარეებს შორის კონტაქტის აღდგენას შეუწყო ხელი და მოლაპარაკებებზე „კონკრეტული იდეებიც“ განიხილეს, თუმცა „ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა“.
უიტკოფი და კუშნერი 5 სექტემბერს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ, მეორე დღეს კი - კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის. 8 სექტემბერს პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარიც გაიმართა.
რუბიოს თქმით, აშშ კვლავ მზად არის შუამავლის როლი შეასრულოს, თუმცა საბოლოო შეთანხმებისთვის რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთის პოზიციები დაახლოება უნდა შეძლონ.