პარტია გირჩი სახელს იცვლის. აღნიშნულის შესახებ განცხადება პარტიის ფეისბუკგვერდზე გავრცელდა.
როგორც იუწყებიან, პარტიის ახალი სახელი იქნება - "თავისუფალი ხალხის პარტია".
"ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის პარტია ვიყავით. „გირჩი“ იმიტომ დავირქვით, რომ თავისუფლების იდეა გამოგვესახა ნეიტრალურ საგანში, რომელიც ხალხისთვის მარტივად დასამახსოვრებელი იქნებოდა. ალბათ, წარმატებული გამოვიდა, ვინაიდან, ჩვენ გარდა, ბოლო წლებში კიდევ ორ პარტიას დაერქვა ეს სახელი (თან არცერთს არანაირი კავშირი არ აქვს თავისუფლებასთან). ჩვენი მოწინააღმდეგეები ამ გაუგებრობას შესანიშნავად იყენებენ და ხან რას გამოაცხადებენ ჩვენს ნათქვამად თუ პოზიციად და ხან - რას. არის შემთხვევები, როცა ისეთ ვინმეს წარმოაჩენენ ჩვენს ძმად ან აქტივისტად, რომელსაც არანაირი კავშირი არ გააჩნია არც ჩვენთან და არც თავისუფლებასთან.
ეს ყველაფერი ხალხს არასწორ წარმოდგენას უქმნის ჩვენზე და ამავდროულად, აზიანებს იმ იდეას, რის გამოც თავის დროზე ჩვენი პარტია შეიქმნა. გადავწყვიტეთ, ეს დავასრულოთ და გადავშალოთ პოლიტიკური ცხოვრების ახალი ფურცელი, დავირქვათ ის, რაც რეალურად ვართ, სულ ვიყავით და მომავალშიც ვიქნებით: თავისუფალი ხალხის პარტია", - წერია პარტიის განცხადებაში.
ფოტო: მზია საგანელიძე/RFE/RL