ხელისუფლებაში ყოფნის დროს მამუკა მდინარაძემ იმდენი დანაშაულის ჩადენა მოასწრო, რომ დღეს იქნება თუ ხვალ, მას საკუთარი დანაშაულებისთვის პასუხისგება მოუწევს, - ამის შესახებ არტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც შეეხება მდინარაძეს, ეს ადამიანი საიდან მოვიდა, ეს ძალიან კარგად იცით და არავინ არ იყო ის, როდესაც შემოვიდა პოლიტიკაში, და არავინ არ იყო მაშინ, როდესაც წავიდა პოლიტიკიდან. მაგრამ ეს ნიუანსებიც არ არის საინტერესო. მთავარი ჩვენთვის არის ის, რომ ბატონმა მდინარაძემ იმდენი დანაშაულის ჩადენა მოასწრო, და იმდენად დააზიანა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის, ხალხის და სახელმწიფოს ინტერესები, რომ დღეს იქნება თუ ხვალ, ამ ხელისუფლების პირობებში თუ სხვა ხელისუფლების პირობებში, ნამდვილად უნდა იცოდეს, რომ მას საკუთარი დანაშაულებისთვის პასუხისგება მოუწევს. და მოუწევს ძალიან მკაცრად. ეს იქნება დღევანდელი ხელისუფლების, ამ ხელისუფლების, თუ მომავალი ხელისუფლების პირობებში.
რა თქმა უნდა, საქართველოში დადგება დრო, როდესაც სასამართლო იქნება სამართლიანი, თავისუფალი და ეს სამართლიანი სასამართლო გასამართლებს ბატონ მდინარაძეს, პირველ რიგში, იმ დანაშაულებისთვის, რაც მას ქვეყნის წინაშე აქვს ჩადენილი. თორემ ახლა ერთმანეთში იქ ვინ ვის ჩაუშვებს და ახლა ვინ რამდენად კაცურად და არაკაცურად მოექცა ერთმანეთს, ეს საერთოდ არ არის საინტერესო”, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.