შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები მოითხოვენ, რუს აქტივისტს, დენის კულანინს მიეცეს შესაძლებლობა, საქართველო დატოვოს და მესამე ქვეყანაში გაემგზავროს.
არსებული ინფორმაციით, კულანინს გამგზავრებისთვის საჭირო დოკუმენტები მოწესრიგებული აქვს და თბილისის აეროპორტიდან მესამე ქვეყანაში გასაფრენად რეისიც აქვს, თუმცა მისი ქვეყნიდან გაძევების საკითხზე სასამართლო პროცესის ჩანიშვნა ჭიანურდება.
აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ კულანინი შესაძლოა რუსეთში დაადეპორტონ. მათი განცხადებით, ეს მისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ის ვლადიმირ პუტინის რეჟიმის აქტიური მოწინააღმდეგე და ალექსეი ნავალნის პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერია.
"ვესაუბრე დენის კულანინის საქმის მენეჯერს და ვუთხარი, რომ პასპორტები მატერიალური სახით იყო წარმოდგენილი, მან მიპასუხა, რომ ჯერ მასთან არ იყო მისული. ვუთხარი, რომ მოეკითხა, ვინაიდან ეს 10 წუთის წინ მოხდა და ვთხოვე ასევე, გადაეხედათ თავინათი გადაწყვეტილებისთვის და დღეს გადაეყვანათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საიდანაც იგი გაემგზავრება მესამე ქვეყანაში. რეისი არის 11:40 წუთზე. ყველა დოკუმენტი - ბილეთი, ჩასაჯდომი ბარათი, ჩემი ორდერის ასლი და პასპორტები მატერიალური სახით უკვე არის მიგრაციის დეპარტამენტში. შესაბამისად, ვერანაირ დამაბრკოლებელ გარემოებას ვერ მიუთითებს მიგრაციის დეპარტამენტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მისი არგადაყვანა თბილისი საერთაშორისო აეროპორტში, რომ ნებაყოფლობით დატოვოს საქართველო", - განაცხადა ადვოკატმა „ტვ პირველთან” საუბრისას.
რუსი აქტივისტი დენის კულანინი საქართველოში ცხოვრობდა. ის 2025 წლის 28 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალის მიხედვით, მან პოლიციის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა. დენის კულანინს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საპროტესტო აქციებში მონაწილე ცხრა მსჯავრდებული შეიწყალა: დანიელ მუმლაძე, გურამ ხუტაშვილი, ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დენის კულანინი, საბა ჯიქია, დავით ხომერიკი, თორნიკე მჭედლიშვილი, სიმონ მახარაძე და ავთანდილ თოფჩიშვილი.