რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა რადუ მირუცემ განაცხადა, რომ დრონებთან დაკავშირებული სულ უფრო მეტი ინციდენტი დუნაიზე უკრაინის პორტებზე რუსეთის მიერ გახშირებული იერიშების პირდაპირი შედეგია.
მირუცეს თქმით, რუმინეთის ტერიტორიაზე დრონებისა და მათი ნამსხვრევების აღმოჩენის შემთხვევები „პირდაპირ პროპორციულად“ იზრდება უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების ინტენსივობის მატებასთან ერთად.
„ცოტა ხნის წინ უკრაინის დუნაის პორტებზე თავდასხმებმა მაქსიმუმს მიაღწია. თავდაცვის სამინისტროს რადარებზე, რუმინეთის საჰაერო სივრცის სიახლოვეს, თუმცა ჯერ კიდევ უკრაინის ტერიტორიაზე, 100-ზე მეტი დრონი დავაფიქსირეთ (...) ისინი ბოლო დღეებში უკრაინის დუნაის პორტებს შვიდჯერ დაესხნენ თავს“, - განაცხადა მირუცემ.
მისი თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონების უმეტესობა გაანადგურეს, თუმცა ასეთ ვითარებაში საკმაოდ მაღალია ალბათობა, რომ მათი ნამსხვრევები გარკვეული დროის შემდეგ დუნაისა და შავი ზღვის სანაპიროზე, რუმინეთის ტერიტორიაზე გამოირიყოს.
მისი თქმით, ომს რუმინეთისთვისაც აქვს შედეგები, თუმცა ქვეყნისთვის საფრთხე არ გაზრდილა.
მისივე თქმით, ევროპული SAFE-ის პროგრამის ფარგლებში შეკვეთილი შეიარაღების მიღების შემდეგ რუმინეთს შესაძლებლობა ექნება, დაბალ სიმაღლეზე მოძრავი დრონები უკეთ აღმოაჩინოს. ასეთ შემთხვევაში აღარ იქნება საჭირო ავიაციის აწევა და ძვირადღირებული რაკეტების გამოყენება.
მირუცეს თქმით, შეკვეთილი აღჭურვილობის მიწოდება 2027 წლის ზაფხულიდან დაიწყება, ხოლო შეიარაღების სრულად მიღების პროცესი შესაძლოა 2,5 წლამდე გაგრძელდეს.