კალიფორნიაში ამერიკული F-35B ტიპის (რადარებისთვის ძნელად შესამჩნევი) გამანადგურებელი ჩამოვარდა. პილოტმა კატაპულტირება მოასწრო.
ინფორმაციას The Associated Press ავრცელებს.
ავიაკატასტროფა პარასკევს, სან-დიეგოში, მირამარის ავიაბაზის მახლობლად მოხდა.
აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის განცხადებით, პილოტი კატაპულტირების შემდეგ ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
ვერტმფრენიდან გადაღებულ კადრებში ჩანს ავარიის ადგილზე ამომავალი შავი კვამლის სვეტი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამხედროები, მეხანძრეები და სახანძრო ტექნიკა.
აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის განცხადებაში პარასკევს მომხდარი ავიაკატასტროფა „A კლასის საავიაციო ინციდენტად“ (Class A mishap) არის კლასიფიცირებული.
ეს სამხედრო კატასტროფების ყველაზე მაღალი კატეგორიაა, რომელიც მოიცავს შემთხვევებს, როდესაც ზარალი 2 მილიონ დოლარს აღემატება. ამ კატეგორიაში ასევე შედის შემთხვევები, როდესაც თვითმფრინავი სრულად ნადგურდება ან პილოტი იღუპება.
მედიის ცნობით, აშშ-ის სამთავრობო ანგარიშების ოფისის მიერ 2024 წელს ჩატარებული ანალიზის თანახმად, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსს, სამხედრო-საზღვაო ძალებსა და საჰაერო ძალებს ჯამში 630-ზე მეტი F-35 ტიპის თვითმფრინავი აქვთ.
ერთი F-35B-ის ღირებულება დაახლოებით 109 მილიონ დოლარს შეადგენს.