უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განიხილა Patriot-ის სისტემებისთვის გადამჭრელი რაკეტების წარმოების ლიცენზიები და დიპლომატიური პროცესის გააქტიურება.
ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
„პრეზიდენტთან განვიხილეთ Patriot-ის სისტემებისთვის გადამჭრელი რაკეტების წარმოების ლიცენზიები და რამდენიმე სხვა იდეა, რომლებმაც შესაძლოა დახმარება გაგვიწიოს.
ასევე ვისაუბრეთ დიპლომატიაზე - მნიშვნელოვანია დიპლომატიური პროცესი გააქტიურდეს. ჩვენი გუნდები შემდგომი თანამშრომლობის დეტალებს შეათანხმებენ. მადლობელი ვარ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის,“ - წერს ზელენსკი.
ზელენსკიმ ტრამპთან შეხვედრა დადებითად შეაფასა და მას „კარგი“ უწოდა.
„უპირველესად, პრეზიდენტ ტრამპს ლინდსი გრემის გარდაცვალების გამო ჩვენი სამძიმარი გადავეცი. ის უკრაინის ნამდვილი მეგობარი იყო“, - დაწერა ზელენსკიმ.
ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრა თეთრ სახლში საათზე მეტხანს გაგრძელდა.
უკრაინული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აშშ-ში უკრაინის ელჩი ოლგა სტეფანიშინა, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერჰი კისლიცა და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე პავლო პალისა.
ამერიკული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი და პენტაგონის ხელმძღვანელი პიტ ჰეგსეთი.