რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“ და რა თქმა უნდა, ვიბრძოლებ ბოლომდე! - საქართველო გაიმარჯვებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.
ბოკუჩავას მიაჩნია, რომ მისი გუშინდელი ბრიფინგის შემდეგ საჭიროა მისი პარტიაში დარჩენის საკითხზე განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთოს.
„ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის, რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს ვთქვი: რა თქმა უნდა ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“ და რა თქმა უნდა ვიბრძოლებ ბოლომდე! საქართველო გაიმარჯვებს“, - წერს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 17 ივნისს სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩემი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არის ნანუკა ჟორჟოლიანი“.
მოგვიანებით, განცხადება გააკეთა თინა ბოკუჩავამ და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოსტი მისთვის სამწუხაროა. „სააკაშვილის პოსტი ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა, ასეთმა იმპულსურმა, არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.