"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ბრიფინგზე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტს, რომელშიც მესამე პრეზიდენტი წერს, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია.
ბოკუჩავას თქმით, მიხეილ სააკაშვილის პოსტი მისთვის მოულოდნელი იყო.
“თქვენ გახსოვთ, 6 დღის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაწერა პოსტი, სოციალური ქსელით მისი ოფიციალური გვერდის გამოყენებით, რომ ის მხარს მიჭერდა მე, როგორც პარტიის თავმჯდომარეს იმ ცვლილებების განსახორციელებლად, რაც მას მიაჩნია, რომ აუცილებელია ენმ-ს გაძლიერებისთვის.
მეტიც, მე მას გუშინდელ ეთერში მადლობა გადავუხადე ამ განახლებული ნდობის მანდატისთვის, იმიტომ, რომ ჩემი ვადა 2026 წლის 8 ივლისს იწურება, ამიტომ მე მას მადლობა გადავუხადე განახლებული ნდობის მანდატისთვის, რომ ჩვენ საერთო ძალისხმევით, სწორი მიდგომით და სწორი ხედვით გაგვეტარებინა რეფორმები ენმ-ში, პარტიის გაძლიერების მიზნით.
ამიტომ, სიმართლე გითხრათ, ის პოსტი რომელიც მე სულ რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგზე [მოსვლამდე] გზად წავიკითხე მოულოდნელი იყო და ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა.
მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთი წუთით გავჩერდებით" - განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის მისი კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია.