კახეთში ცოლ-ქმარს შორის დაწყებულ დაპირისპირებას მათი მეზობელი ქალი ემსხვერპლა.
ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა გუშინ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი მეუღლესთან კონფლიქტის დროს მასზე ფიზიკურად ძალადობდა, რა დროსაც მსხვერპლმა დახმარება ითხოვა. დაპირისპირებაში ჩარევა მეზობელმა ქალმა სცადა, რის შემდეგაც ის შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოცემას განუცხადეს, გარდაცვლილ ქალს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება და ის, სავარაუდოდ, ნერვიულობის ნიადაგზე დაიღუპა. უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹ მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. კაცი პოლიციამ ცოლზე განხორციელებული ძალადობისათვის დააკავა.