“რეპრესიების ანატომია – საქართველო: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე“ - ამ სათაურით აქვეყნებს საქრთველოზე ანგარიშს ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International.
„ის, რასაც სხვა კონტექსტებში მრავალი წელი დასჭირდა, საქართველოში გასაოცარი სისწრაფით შეიქმნა: კოორდინირებული სისტემა, რომელშიც დეზინფორმაცია, შემზღუდავი კანონები, ძალადობრივი პოლიციის გამოყენება და იარაღად ქცეული სასამართლო პროცესები ერთმანეთს აძლიერებენ ძალაუფლების განმტკიცებისკენ სწრაფვაში. ცილისწამების კამპანიები კრიტიკოსებს მტრებად აქცევს. კანონები განსხვავებულ აზრს დანაშაულად აქცევს. პოლიციის მხრიდან ძალადობა საპროტესტო აქციებს ფიზიკურად საშიშს ხდის. შემდეგ სასამართლოები ამ უსამართლობის სპირალს აგრძელებენ დაუსჯელობის ხელშეწყობით და მთავრობის რეპრესიების ხელშეწყობით“, - აღნიშნულია ანგარიშში.
Amnesty International მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებებს, პარლამენტს, სასამართლო სისტემას, ასევე საერთაშორისო და კერძო აქტორებს მიიღონ გადაუდებელი ზომები, რათა დასრულდეს ავტორიტარული მეთოდებით განსხვავებული აზრის ჩახშობა და სამოქალაქო სივრცის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დასუსტება.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა დამოუკიდებლობის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე კრიზისს განიცდის.
„150-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლო სამართალწარმოების შედეგად, სამართლიანობის პოვნის მცირე პერსპექტივით. ბევრი ადამიანი, ვინც მშვიდობიან საპროტესტო ქციებს შეუერთდა, თვითნებურად დააკავეს და ფინანსურად დაზარალდა გადაჭარბებული ჯარიმების გამო, უბრალოდ გზაზე ან თუნდაც ტროტუარზე დგომის, ნიღბის ტარების, თანამდებობის პირის კრიტიკის ან საზოგადოებრივი სივრციდან გასვლაზე უარის თქმის გამო. სხვები გააჩუმეს ან იძულებულები გახდნენ, ეცხოვრათ დაპატიმრების, სისხლისსამართლებრივი დევნის ან შურისძიების მუდმივი შიშის ქვეშ. სამოქალაქო სივრცე მკაცრად შეიზღუდა. ადამიანის უფლებათა დამცველები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლებს იცავენ, თავად გახდნენ სამიზნეები. მათ დაემუქრნენ, თავს დაესხნენ, მათ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს, მათი ანგარიშები გაყინეს, ოფისები დახურეს და პერსონალი შეუმცირდათ“, - აღნიშნულია ანგარიშში.
Amnesty International ხაზს უსვამს, რომ დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ფიზიკურად ესხმოდნენ თავს, ავიწროვებდნენ, დევნიდნენ, დაფინანსებას უწყვეტდნენ.
„2024 წლის გაზაფხულიდან და განსაკუთრებით ყოველდღიური მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ, რომლებიც 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო, ხელისუფლებამ სახელმწიფოს მთელი მექანიზმი გამოიყენა განსხვავებული აზრის შეკავების, დასჯისა და ჩახშობისთვის. საინფორმაციო სივრცე იარაღაც იქცა იმისთვის, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მედია, ოპოზიციური ფიგურები და მომიტინგეები „უცხოეთის აგენტებად“, „ექსტრემისტებად“ ან „ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ“ წარმოჩენილიყვნენ. ეს ნარატივები მხოლოდ რიტორიკის დონეზე არ დარჩენილა. მათ ხშირად მოჰყვებოდა შევიწროება, ფიზიკური თავდასხმები, გამოძიებები, სისხლისსამართლებრივი დევნა, აქტივების გაყინვა და სხვა სადამსჯელო ზომები“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ავტორიტარული პრაქტიკების გამოყენება და შეცვალოს არსებული კურსი:
„ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ავტორიტარული პრაქტიკების გამოყენება და შეცვალოს არსებული კურსი: შეწყვიტოს კანონებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენება კრიტიკოსების წინააღმდეგ, უზრუნველყოს უსამართლო პროცესების შედეგად დაპატიმრებული პირებისთვის სამართლიანობის აღდგენა, უზრუნველყოს წამებისა და სხვა დარღვევებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება და უზრუნველყოს სრული ანაზღაურება ყველა დაზარალებულისთვის“, - აღნიშნულია ანგარიშში.
"საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს კანონები, რომლებიც უკანონოდ ზღუდავს გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს; გაათავისუფლოს ყველა ის პირი, ვინც მხოლოდ საკუთარი უფლებების მშვიდობიანად გამოხატვისთვისაა დაკავებული; დაიცვას კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა; და სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დაცვით, უზრუნველყოს პროტესტთან დაკავშირებული მიმდინარე საქმეების ხელახალი განხილვა.
ხელისუფლებამ ასევე დაუყოვნებლივ, დამოუკიდებლად და ეფექტიანად უნდა გამოიძიოს სამართალდამცავებისა და სახელმწიფოსთან დაახლოებული ჯგუფების მხრიდან წამების, სხვა არასათანადო მოპყრობისა და ძალის უკანონო გამოყენების ყველა ბრალდება და უზრუნველყოს სათანადო კომპენსაცია ყველა დაზარალებულისთვის. საერთაშორისო საზოგადოებამ კი მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოში ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევებისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით დანაშაულების აღწერას, გამოძიებასა და სისხლის სამართლებრივ დევნას, მათ შორის ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ყველა არსებული შესაძლებლობის გამოყენებით", - წერია ანგარიშში.