კანონპროექტი, რომელიც გუშინ იქნა მიღებული მავნე გავლენების წინააღმდეგ აშშ-ს კონგრესში - ჩინეთის, ირანისა და რუსეთის [წინააღმდეგ], ესეც ჩვენი დაცვაა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ამას ადეკვატური აღქმა უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში „კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტის“ მიღებას ეხმაურება.
„ყველანი ვხედავთ თუ როგორი დინამიკური პროცესები ვითარდება ჩვენ ირგვლივ და მსოფლიოში. ვხედავთ, რომ საქართველოსთვის ხელსაყრელი პირობები დგება, სტრატეგიული ამოცანების გადასაჭრელად. რუსეთი სუსტდება, ბევრ ფრონტზე მარცხდება და მოკავშირეებს სხვადასხვა კონტინენტზე კარგავს, ასევე სუსტდება პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ამის მაგალითს ჩვენ უკრაინაში ვხედავთ, სადაც ის წარმატებას ვერ აღწევს, უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლისა და მსოფლიო მხარდაჭერის პირობებში.
მეორეს მხრივ ვხედავთ, რომ ევროკავშირი ფართოვდება და ეს პროცესი ჩქარდება. ვხედავთ, როგორ არის მოლდოვისა და უკრაინის საკითხი, ბალკანეთის ქვეყნების. ასევე, აშშ-ს გაზრდილ ინტერესებს ვხედავთ ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში და ის ახალი დიდი შესაძლებლობები, რომელიც მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობას იძლევა. ვხედავთ თუ როგორია, პრეზიდენტ ტრამპის განწყობა, რომ საქართველო მაქსიმალურად იყოს ჩართული ამ ყველაფერში, როგორც ქვეყანა და ეს პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის, ხალხისა და მათი დასავლური მისწრაფებების მხარდაჭერაა და ის კანონპროექტი, რომელიც გუშინ იქნა მიღებული მავნე გავლენების წინააღმდეგ აშშ-ს კონგრესში - ჩინეთის, ირანისა და რუსეთის [წინააღმდეგ], ესეც ჩვენი დაცვაა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ამას ადეკვატური აღქმა უნდა ჰქონდეს.
სამწუხროდ, ეს ასე არ ხდება. ამ ყველაფერს მთავრობა და ხელისუფლება სჭირდება, რომელიც ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამს. საქართველოში კი საპირისპირო ხდება. „ქართული ოცნება“, რომელიც რეჟიმად ჩამოყალიბდა, პრაქტიკულად ყველა ნაბიჯს საწინააღმდეგოდ დგამს, იქნება ეს - პოლიტიკური ოპონენტების დევნა, თავისუფალი არჩევნების პერსპექტივის მოსპობა, რეპრესიული კანონმდებლობა თუ ანტიდასავლური რიტორიკა და ქმედებები“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.