უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან.
„დღეს, კიშინიოვის აეროპორტში გაჩერების დროს, ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს. ძალიან პოზიტიური საუბარი გვქონდა.
მადლობელი ვარ მათი მზადყოფნისთვის, უახლოეს კვირებში მაქსიმალურად აქტიურად იმუშაონ, რათა ახალი იმპულსი მიეცეს დიპლომატიურ ძალისხმევას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დასასრულებლად,“ - აცხადებს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად მსოფლიო საზოგადოების ყურადღების დიდი ნაწილი ირანის გარშემო მიმდინარე მოვლენებზეა გადატანილი, თუმცა, „ჩვენი საერთო მიზანი - მშვიდობა ევროპაში, კვლავ დღის წესრიგში რჩება.“
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მხარეებმა განიხილეს პერსპექტივები "დიდი შვიდეულის" სამიტისა და ივნისში დაგეგმილი სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების კონტექსტში.
„მივაწოდე ინფორმაცია იმ მონაცემების შესახებ, რაც გვაქვს მოსკოვის გეგმებთან დაკავშირებით. მადლობელი ვარ უკრაინელების მიმართ გამოხატული პატივისცემისა და უკრაინის პოზიციების დადებითი შეფასებისთვის. მადლობა, ამერიკა! მადლობა მოლდოვას სტუმართმოყვარეობისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.