უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელემსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა კრასნოდარის მხარეში მდებარე „არმავირის“ ნავთობბაზას დაარტყეს. მისი თქმით, ობიექტი უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 500 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და შეტევა „შორი მოქმედების სანქციების“ გეგმის ფარგლებში განხორციელდა.
ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენი ახალი შორს მოქმედი სანქციები უკვე მოქმედებს და ეს ჩვენი სახელმწიფო საზღვრიდან 500 კილომეტრის დაშორებით ხდება. სრულიად სამართლიანად ვაბრუნებთ ომს იქ, საიდანაც მოვიდა. რუსეთს დიდი ხნის წინ შეეძლო აგრესიის დასრულება, მაგრამ მან თავად აირჩია მისი გაჭიანურება და გაგრძელება. ამიტომ სამიზნედ იქცა კიდევ ერთი ობიექტი რუსეთის ნავთობის ინდუსტრიიდან : არმავირი, კრასნოდარის მხარე,“ - წერს ზელენსკი.
პრეზიდენტმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებსა და მებრძოლებს მიღწეული შედეგისთვის მადლობა გადაუხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ ეტაპობრივად ვასრულებთ ჩვენი შორს მოქმედი სანქციების გეგმას - ყველაფრის პასუხად, რასაც რუსეთი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ აკეთებს. ჩვენი სანქციების ყველა სახეობა - როგორც იურიდიული, ისე პრაქტიკული, შორს მოქმედი სანქციები მშვიდობიან მოახლოებას ემსახურება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მანამდე უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა, მაიორმა რობერტ „მადიარ“ ბროვდიმ განაცხადა, რომ 30 მაისის ღამეს დრონებმა რუსეთის ქალაქ ტაგანროგში ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერსა და ნავთობბაზას, ასევე ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ფეოდოსიაში მდებარე საზღვაო ნავთობტერმინალს დაარტყეს.