გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი იმედოვნებს, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი პეკინში ვიზიტის დროს ვლადიმირ პუტინზე ზეწოლას მოახდენს და უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებისკენ მოუწოდებს. იუწყება Deutsche Welle
„რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს იმედს ვუკავშირებთ, რომ პრეზიდენტი სი პრეზიდენტ პუტინს მოუწოდებს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, რომლის მოგებაც მას არ შეუძლია,“ - აღნიშნა მერცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ამ ეტაპზე ის რუსეთსა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებში „ფუნდამენტურ ცვლილებებს“ არ ელის.
19 მაისს ვლადიმირ პუტინი ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. კრემლის ინფორმაციით, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები „ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას“, ასევე საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებს განიხილავენ.
გასულ კვირას ჩინეთში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმყოფებოდა. ვიზიტის შემდეგ ტრამპმა დაადასტურა, რომ სი ძინპინითან, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომზეც ისაუბრა, თუმცა ომის დასრულების პერსპექტივებზე არც ერთ მხარეს კონკრეტული განცხადება არ გაუკეთებია.
სამშაბათს ბრიტანულმა გამოცემა Financial Times-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სი ძინპინმა ტრამპთან შეხვედრების დროს განაცხადა , რომ პუტინმა, შესაძლოა, ინანოს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყება.