პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, შალვა კერესელიძის თქმით, ქვეყანაში უსამართლოა დოვლათის განაწილება, უაღრესად დაბალია შრომის ანაზღაურება და მოსახლეობას შემოსავალი არ ჰყოფნის გაძვირებული ფასების ფონზე პირველადი საჭიროებებისთვის.
„რამდენიმე თვის წინ თავად „ოცნებამ“ აღიარა, რომ საქართველოში ფასები ევროპაზე ძვირია და ირაკლი კობახიძემ გასცა ფუჭი დაპირება, რომ აპრილში ფასები შემცირდებოდა. დღეს პირველი მაისია, ირაკლი კობახიძე კი, TV იმედის ცნობითაც – მატყუარა პრემიერ-მინისტრი. ფასები კი არ შემცირდა – გაძვირდა. ფასების კომისიაზე მუშაობა „ოცნებამ“ დაასრულა ერთადერთი დასკვნით, რომ მათი ჯადოსნური ჯოხი მხოლოდ მათ ჯიბეებს ზრდის, მაგრამ ფასებს ვერ ამცირებს. ვეთანხმებით „ოცნებას“. მათ ნამდვილად არაფრის გაიაფება არ შეუძლიათ, რადგან გაძვირებული ცხოვრება სწორედ „ოცნების“ კორუფციითა და გაუმაძღრობითაა გამოწვეული. ამიტომ არ ირჩევს „ოცნება“ ევროპას, რადგან ევროპული წესრიგი არა 20-25 ოჯახის სიხარბეს, არამედ კეთილდღეობის სამართლიან განაწილებას და თითოეული მოქალაქის ღირსეულ ცხოვრებას ემსახურება.
ფასების ყალბი კომისიის ნაცვლად, ჩვენ „ოცნებას“ ამ კონკრეტულ ნაბიჯებს ვთავაზობდით:
1) კორუფციაზე, მონოპოლიებსა და კარტელურ შეთანხმებებზე უარის თქმა. 2) მინიმალური ხელფასის დაწესება 1050 ლარის ოდენობით. საქართველოს მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში იაფი მუშახელი არ უნდა იყოს. 3) პენსიების გაზრდა 200 ლარით. 4) უმუშევრობის დაზღვევა – ადამიანს არ უნდა ეშინოდეს სამსახურის დაკარგვის გამო მყისიერი გაღარიბების. 5) ადგილობრივი და ეროვნული წარმოების ხელშეწყობა და მხარდაჭერა.
„ოცნებამ“ ამ ყველაფერზე უარი გვითხრა. ნათელია – „ოცნება“ ხალხს ვეღარაფერს შესთავაზებს ტყუილების, ჩაგვრის, უსამართლობის, გაძვირებისა და გაუარესებული ცხოვრების გარდა. ხალხს სჭირდება კეთილდღეობა საკუთარ ოჯახებში და არა პროპაგანდისტული „იმედის“ ქარდებზე დახატული“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ დღეს გამოაქვეყნა დასკვნა.