ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკომისიას, განიხილოს სლოვაკეთისთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერების საკითხი, რადგან რობერტ ფიცოს მმარგველობის პერიოდში იზრდება შეშფოთება სამართლის უზენაესობის უკუსვლის გამო, - ამის შესახებ Euractiv იუწყება.
ევროპარლამენტმა 418 ხმით 207-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკომისიას მოუწოდებს დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები, რაც საბოლოოდ შესაძლოა ევროკავშირის თანხების შეჩერებამდე მივიდეს.
„უნდა დავრწმუნდეთ, რომ ფიცო არ გახდება ახალი ორბანი, რადგან თავად ამბობს, რომ სურს ასეთი იყოს", - განაცხადა რეზოლუციის მომხსენებელმა, გერმანელმა ევროპარლამენტარმა დანიელ ფროინდტმა.
ევროპარლამენტარები მიუთითებენ, რომ სლოვაკეთში გაუქმდა ანტიკორუფციული სტრუქტურები, მათ შორის ეროვნული კრიმინალური სააგენტო (NAKA) და სპეციალური პროკურატურა, ასევე იგეგმება ცვლილებები ინფორმატორების დაცვის სისტემაში, რაც მათი თქმით, შესაძლოა მისი პოლიტიზირების რისკს ქმნიდეს.
რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია ევროკავშირის დაფინანსების შემცირების წინა შემთხვევა 1.225 მილიონი ევროს ოდენობით OLAF-ის რეკომენდაციის საფუძველზე, სავარაუდო თაღლითობა ევროკავშირის დაფინანსებულ პენსიებთან დაკავშირებით და კრიტიკა სლოვაკი ოფიციალური პირების მიმართ, ბრატისლავაში მონიტორინგის ვიზიტის დროს ევროპარლამენტარების მიმართ მუქარისთვის.