აშშ და ირანი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ომის დასრულების სამმხრივ გეგმაზე, რომლის ერთ-ერთი ელემენტი ირანის გაყინული აქტივების ნაწილის განბლოკვასა და ირანის მიერ გამდიდრებული ურანის მარაგებზე უარის თქმას უკავშირდება.
ამის შესახებ გამოცემა Axios ამერიკელ ოფიციალურ პირებზე და მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
წყაროს ცნობით, შეხვედრა შესაძლოა კვირას ისლამაბადში გაიმართოს. მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებს პაკისტანი, პროცესს მხარს უჭერენ ეგვიპტე და თურქეთი.
ამერიკის ადმინისტრაციის პრიორიტეტი არის ის, რომ ირანს აღარ ჰქონდეს წვდომა თითქმის 2000 კგ გამდიდრებულ ურანზე, რომელიც ქვეყნის მიწისქვეშა ბირთვულ ობიექტებში ინახება. მათ შორის არის დაახლოებით 450 კგ ურანი, რომელიც 60%-მდეა გამდიდრებული.
მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეები განიხილავენ, რა ბედი ეწევა ამ მარაგებს და რამდენი თანხა განიბლოკება ირანისთვის. ასევე განიხილება, რა პირობებით შეძლებს ირანი ამ თანხების გამოყენებას.
ორი წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების ადრეულ ეტაპზე შეერთებული შტატები მზად იყო ირანისთვის 6 მილიარდი დოლარი გამოეყო სურსათის, მედიკამენტებისა და სხვა ჰუმანიტარული პრიდუქციის შესაძენად, მაშინ როდესაც ირანი 27 მილიარდ დოლარს ითხოვდა.
ბოლო ეტაპზე განხილული თანხა 20 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ამასთან, აშშ ირანს სთხოვდა მთელი ბირთვული მასალის შეერთებულ შტატებში გადაგზავნას, ხოლო ირანი მხოლოდ მისი „განზავების“ იდეას ეთანხმებოდა საკუთარ ტერიტორიაზე.
ამჟამად განხილული კომპრომისული ვარიანტის მიხედვით, მაღალგამდიდრებული ურანის ნაწილი მესამე ქვეყანაში უნდა გაიგზავნოს, ნაწილი კი ირანში საერთაშორისო კონტროლის ქვეშ განზავდეს.
სამგვერდიანი მემორანდუმის პროექტი ასევე ითვალისწინებს ირანის მიერ ურანის გამდიდრებაზე „ნებაყოფლობით“ მორატორიუმს. ბოლო მოლაპარაკებებისას აშშ 20-წლიან მორატორიუმს ითხოვდა, ხოლო ირანი ხუთწლიან პერიოდს სთავაზობდა.
მედიის ცნობით, მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესი მიღწეულია, თუმცა მხარეებს შორის კვლავ რჩება სერიოზული უთანხმოებები, განსაკუთრებით თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.
მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესაბამისად ჰორმუზის სრუეტში სავაჭრო გემებისთვის გადაადგილება დროებით სრულად გაიხსნა.
თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპპმა განაცხადა, რომ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში დარჩება მანამდე, სანამ აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმება „100%-ით არ შესრულდება“.