დიპლომატიურ წარმომადგენლობას თუ საელჩოს თავისი ქვეყანა თანხას თუ ჩაურიცხავს თავისი მიზნების განსახორციელებლად, კერძოდ, ვენის კომვენციის შესაბამისად საქმიანობისთვის, ეს იქნება თანამშრომლების დაქირავება, საკუთარი ქვეყნის წარმოჩენა. ამ ყველაფერს მთავრობასთან შეთანხმება არც მოქმედი კანონმდებლობით არ სჭირდებოდა და არც ცვლილებებით დასჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„იმის გამო, რომ კითხვები გაჩნდა და მავანს შესაძლებლობა გაუჩნდა, ეს ჩანაწერი ისე გამოეყენებინა, თითქოს დიპლომატიურ წარმომადგენლებს საქმიანობას უკრძალავს ან ვინმე ხელს უშლის საქმიანობის განხორციელებაში, კონკრეტული ჩანაწერი კეთდება. ასეთი ტყუილები რომ არ გავრცელდეს და შესაძლებლობა არ ჰქონდეთ, საქართველოს იმიჯი შეილახოს, კანონში კონკრეტული ჩანაწერი კეთდება, რომ დიპლომატიურ წარმომადგენლობას თანხას თავისი ქვეყანა თუ ჩაურიცხავს, ეს გრანტად არ ჩაითვლება და ის მთავრობასთან არ შეთანხმდება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, ერთი წლის წინ, როდესაც პარლამენტი კანონს იღებდა, კონკრეტულმა საელჩომ გრანტი ორ პირზე გასცა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული და პარტიულ სიაშიც იყვნენ.
„მსგავსი ქმედება თუ იქნება, ანუ საელჩო თანხას თუ გასცემს რომელიმე ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, რაც მიმართული იქნება საქართველოში პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენაზე, გრანტად ჩაითვლება და მთავრობასთან შეთანხმებას საჭიროებს. მთავრობისგან თანხმობას თუ მიიღებს, მაშინ შეუძლია, გრანტი გასცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გრანტის გაცემისგან ან თავი უნდა შეიკავოს, ან პასუხისმგებლობა დაეკისრება. „გრანტების შესახებ“ კანონში მარტივი ჩანაწერი და დაზუსტება ზედმეტი ინსინუაციების გამოსარიცხად კეთდება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მისი თქმით, განსაზღვრულია პოლიტიკური საქმიანობა, რაც FARA-ს კანონიდან პირდაპირი თარგმანია.
„პოლიტიკურ საქმიანობაზე გაცემულ თანხებად ითვლება, თუ იგი მიმართულია საზოგადოებაზე ზეგავლენის მოსახდენად, რომ, საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდეს ან შეიცვალოს პოლიტიკა. ეს ისედაც ასე იყო, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს ვენის კონვენცია, რომელიც არის იერარქიულად გაცილებით უფრო მაღალი საერთაშორისო ხელშეკრულება. ჩვენ მიერთებული ვართ ამ კონვენციასთან, შესაბამისად, დიპლომატიური ორგანიზაციის საქმიანობისთვის გასაწევი თანხები გრანტად არც აქამდე ითვლებოდა, მაგრამ იმისათვის, რომ ზედმეტი კითხვის ნიშნები არ დარჩენილიყო, პირდაპირ შავით თეთრზე კანონში ჩაიწერა. ეს არის კონკრეტული დაზუსტება, რომელიც მიზნად მეტი სიცხადის შეტანას ისახავს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისათვის, „ქართული ოცნება“ „გრანტების შესახებ“ კანონს კიდევ ერთხელ ცვლის. უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით პარლამენტს წარედგინა პროექტი, რომლის მიხედვით, გრანტად არ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
„მიზანშეწონილია, რომ გრანტის გამცემი სუბიექტი დაზუსტდეს და გრანტად არ იქნეს მიჩნეული საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს და უკავშირდება უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საკუთარ საქმიანობას. კანონის მოქმედი რედაქცია აღნიშნულ ურთიერთობაზე არც ვრცელდება, მაგრამ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონის ერთგვაროვანი წაკითხვა, შესაბამისი დაზუსტება მიზანშეწონილია“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებითა და პარლამენტის მიერ მიღებული კანონებით, უცხოური გრანტის მიღების წესები გამკაცრებულია.