Axios-ის ცნობით, ამერიკულმა სპეცდანიშნულების დანაყოფმა ირანში ჩამოგდებული F-15-ის ტიპის გამანადგურებლის ეკიპაჟის მეორე წევრი გადაარჩინა. ამის შესახებ გამოცემა სამ ამერიკელ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეკიპაჟის წევრი, ოფიცერი, პარასკევს თვითმფრინავიდან კატაპულტირების შემდეგ დაშავდა, თუმცა სიარული შეძლო და ერთ დღეზე მეტხანს იმალებოდა მთებში, რითაც ტყვეობას გადაურჩა.
Axios დასძენს, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება ამერიკელი სამხედროებისთვის საშინელებათა ისტორიად იქცა, რადგან ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) ასევე ჩქარობდა ირანის სამხრეთ-დასავლეთში დაკარგული ამერიკელი ოფიცრის პოვნას.
ეკიპაჟის ორივე წევრი ირანში სპეციალური დანიშნულების რაზმის ოპერაციის დროს გადაარჩინეს.
გამოცემის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, შაბათს ოპერაცია სპეციალური დანიშნულების რაზმმა ჩაატარა მნიშვნელოვანი საჰაერო მხარდაჭერით, ამერიკელმა ჯარისკაცებმა ძლიერი ცეცხლი გახსნეს. წყაროს ცნობითვე დანაყოფის ყველა წევრმა ირანის ტერიტორია უკვე დატოვა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი გუნდის წევრები სამაშველო ოპერაციას თეთრი სახლის სიტუაციური ოთახიდან აკვირდებოდნენ.
მანამდე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სპეცრაზმმა ირანის თავზე ჩამოგდებული ამერიკული გამანადგურებლის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი იპოვა და გადაარჩინა.
ამერიკული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია პირველად ირანულმა მედიამ გაავრცელა.
აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით აშშ-მაც დაადასტურა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა 3 აპრილს კიდევ ერთი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი, A-10 Thunderbolt II, ჩამოაგდო; პილოტი გადაარჩინეს და ის უსაფრთხოდ არის.