ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე მომავალ კვირას ვაშინგტონს ეწვევა, სადაც შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც ალიანსის დატოვებით დაიმუქრა. ამის შესახებ Reuters წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ნატო-ს პრესმდივანმა ალისონ ჰარტმა და თეთრი სახლის წარმომადგენელმა გაავრცელეს. ვიზიტის დეტალები ჯერ არ დაზუსტებულა. ჰარტმა აღნიშნა, რომ რუტეს ვიზიტი ტრამპთან „დიდი ხნის დაგეგმილი“ იყო.
ნატო-ს გენერალური მდივანი აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდება მას შემდეგ, რაც მან საჯაროდ განაცხადა, რომ სერიოზულად განიხილავს აშშ-ის ალიანსიდან გასვლის შესაძლებლობას.
მანამდე ტრამპი კვირების განმავლობაში აკრიტიკებდა მოკავშირეებს ჰორმუზის სრუტის განბლოკვის მიზნით სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო.