უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ვერ ხედავს რუსეთის მზაობას ომის დასრულებისთვის და მოითხოვს მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებას, მაშინ როდესაც შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ კრემლის ლიდერი, თითქოს, ომის დასრულებას ცდილობს, რის გამოც ორივე მხარის პოზიციები განსხვავებულია. ზელენსკიმ ამის შესახებ Le Monde-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან ომის დასრულების გულწრფელ სურვილს და ამას ჩვენს პარტნიორებს ვუზიარებთ. შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ პუტინს ომის დასრულება სურს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სრულიად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის განზრახვებთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები თავისთავად პრობლემას არ წარმოადგენს.
თუმცა, უკრაინა, რომელიც ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულებას ცდილობს, რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდას მოითხოვს.
„ჩვენ ვიცით, რომ პუტინს ომის დასრულება არ სურს. ჩვენ დამატებით ზეწოლას ვითხოვთ, რათა მან ეს მოისურვოს. და ამერიკა ფიქრობს, რომ მას [რუსეთს] ეს სურს და რატომ უნდა მოახდინოს ზედმეტი ზეწოლა, თუ რუსები თავს აჩვენებენ, რომ მზად არიან მშვიდობისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.