ათწლეულების განმავლობაში პირველად, პენტაგონმა უარი თქვა საზღვარგარეთ თავისი ჯარების განლაგების მიმოხილვის გამოქვეყნებაზე, რამაც გაურკვევლობა შექმნა მოკავშირეებისა და აშშ-ის კანონმდებლებისთვის, რომლებიც ამ დოკუმენტს ბიუჯეტის დასაგეგმად და აშშ-ის სამხედრო პოლიტიკის გასაანალიზებლად იყენებენ. ამის შესახებ Politico აშშ-სა და ნატო-ს ოთხი მაღალჩინოსანსა და და სამ ევროპელი დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის წყაროების ცნობით, ჯარების გლობალური დისლოკაციის (Global Posture Review) სახელით ცნობილი
ოფიციალური დოკუმენტის გამოქვეყნების ნაცვლად, პენტაგონი მხოლოდ არაფორმალური დისკუსიების გამართვას გეგმავს.
ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ მან სხვა სტრატეგიულ დოკუმენტებში საკმარისი ინფორმაცია გაავრცელა, რაც დასავლეთ ნახევარსფეროზე ყურადღების გადატანაზე მიუთითებს.
„ეს ნაბიჯი ამჟამინდელი ადმინისტრაციის ტენდენციის ნაწილია, იმოქმედოს დამოუკიდებლად და პარტნიორებსა და კონგრესს სამხედრო ოპერაციების შესახებ პოსტფაქუმ აცნობოს - კარიბის ზღვის აუზში გემებზე თავდასხმებიდან დაწყებული ირანთან ომით დამთავრებული“, - განაცხადა წყარომ.
ასეთი გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს კონგრესსა და ევროპის დედაქალაქებში, სადაც ოფიციალურ პირებს აშშ-ის სამხედრო ამბიციებთან დაკავშირებით უფრო მეტი სიცხადე სურთ. სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრებმა განაცხადეს, რომ დოკუმენტის გაუქმების შესახებ ოფიციალურადაც კი არ ეცნობათ, რაც თავდაცვის ბიუჯეტზე მათ მუშაობას გაართულებს.