რუსეთის მიერ საქართველოს 20%-ის ოკუპაციის ხსენების გამო, რუს ჟურნალისტს, ვალერია კიჩიგინას მოსკოვის ტაგანის საოლქო სასამართლომ დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი მედია ავრცელებს.
როგორც მედია აღნიშნავს, ეს რუსეთში პირველი ცნობილი საქმეა, რომელშიც ბრალდებები არა მხოლოდ უკრაინაში ომის, არამედ 2008 წელს საქართველოში ომის კრიტიკულ მასალებს ეფუძნება.
“დოჟდის” ჟურნალისტს ბრალი წაუყენეს შემდეგ საქმეზე:
ჟურნალისტმა Instagram-ში ხელახლა დაპოსტა დმიტრი კოლეზევის სტატია, რომელიც უკრაინის ქალაქ ბუჩაში, რუსული ოკუპაციის შემდეგ მომხდარ მასობრივ მკვლელობებს ეხებოდა და 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ Instagram-ზე გამოაქვეყნა პოსტი წარწერით: „დღეს საქართველოში ხუთდღიანი ომის დაწყების წლისთავია“.
“დღეს საქართველოში ხუთდღიანი ომის დაწყების წლისთავია. შვიდიდან რვა აგვისტომდე, ღამე რუსეთის სამხედროები შეიჭრნენ ქვეყანაში და მშვიდობიან ქალაქებს ბომბავდნენ. უკვე 15 წელია საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული”, - წერდა ჟურნალისტი.
კიჩიგინა მიიჩნევს, რომ მას, ძირითადად, ე.წ. „ბაიმაკის საქმის“ გაშუქების გამო დევნიან და რომ მისი პოსტი საქართველოში ომის შესახებ ამის საბაბად გამოიყენეს.
ჟურნალისტმა რუსეთი 2023 წელს დატოვა, სისხლის სამართლის საქმე 2024 წლის ნოემბერში აღიძრა, ხოლო გასული წლის მარტში ჟურნალისტს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს.