ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. მედიის ცნობით, 2019 წლის შემდეგ ეს იყო ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია.
ორგანიზატორების შეფასებით, აქციაზე დაახლოებით 250 000 ადამიანი შეიკრიბა. მომიტინგეებს ჩეხეთისა და ევროკავშირის დროშები ჰქონდათ.
აქტივისტების განცხადებით, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის მთავრობა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის გაქრობას ცდილობს.
პროტესტის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ქვეყანა შეიძლება სლოვაკეთის და უნგრეთის გზას გაჰყვეს, რომლებიც კანონის უზენაესობის საკითხებთან დაკავშირებით ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კონფლიქტში შევიდნენ. კრიტიკოსებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება ახალი მთავრობის დროს განხორციელებული პოლიტიკის ცვლილებების გამო.
ბაბიშის მთავრობის მოწინააღმდეგეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ბიუჯეტში თავდაცვის ხარჯებისა და საზოგადოებრივი ტელევიზიის დაფინანსების შემცირების გეგმებს, რაც, მათი თქმით, თავდაცვისა და მედიის დამოუკიდებლობას დააზარალებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეზღუდავს.
აღნიშნულია, რომ თებერვალში პრეზიდენტ პეტრ პაველის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც ბაბიშის მთავრობას მინისტრების დანიშვნებსა და თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით დაუპირისპირდა, 90 000-მდე ადამიანი შეიკრიბა.
ბაბიში და მისი პარტია ANO ხელისუფლებაში 2025 წლის დეკემბერში დაბრუნდნენ ოთხწლიანი ოპოზიციის შემდეგ და სათავეში ჩაუდგნენ მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიებისგან შემდგარ მთავრობას.