გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აშშ-სა და ევროპას მოუწოდა ერთობლივი მოქმედებისკენ, რათა უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდეს. ამის შესახებ მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა დიდი ხანია მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, მაშინ როდესაც რუსეთი „სისტემატურად ძირს უთხრის ყველა სამშვიდობო ძალისხმევას“ მშვიდობიან მოსახლეობასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გაგრძელებით.
„ამიტომ, მოსკოვზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობა გადაუდებელია და ეს აშშ-მa და მისმა ევროპელმა პარტნიორებმა ერთობლივად უნდა გააკეთონ“, - აღნიშნა კანცლერმა.
ამ ფონზე, მან მიუთითა „სანდო მონაცემებზე“ ომისა და სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზარალის შესახებ, რაც, მისი თქმით, გავლენის მთავარ ბერკეტად უნდა დარჩეს.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ევროპამ უკრაინაში სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებების სრულუფლებიანი მონაწილე უნდა იყოს და „მონაწილეობა მიიღოს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების განსაზღვრაში“.
„რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები უკრაინისა და ევროპელების გარეშე შეუძლებელია. ჩვენი პერსპექტივიდან ეს მიუღებელია“, - განაცხადა მერცმა.