აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა, აშშ-ის სენატის მოსმენაზე განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება ჯო კენტს, რომელიც ირანთან ომის გამო აშშ-ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგა.
„არსებობს თუ არა რაიმე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ირანმა უარი თქვა ბირთვულ ამბიციებზე ან სურვილზე, გააგრძელოს ბალისტიკური რაკეტების შემუშავება, რომელსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას ამერიკულ ძალებს და მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთში?“ - ასეთი კითხვით მიმართა რეტკლიფს ტეხასის შტატის რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ კორნინმა.
„არა, სინამდვილეში, დაზვერვა საპირისპიროს ამტკიცებს“, - უპასუხა რეტკლიფმა.
„ანუ თქვენ არ ეთანხმებით ბატონ კენტს?“ იკითხა კორნინმა. „დიახ“, უპასუხა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის ეროვნული კონტრტერორიზმის ცენტრის დირექტორმა, ჯო კენტმა თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ „სუფთა სინდისით ვერ დაუჭერს მხარს ირანში მიმდინარე ომს“.