აშშ საქართველოს სავიზო გირაოს პროგრამაში ამატებს - საქართველოს მოქალაქეებს ტურისტული ვიზის ასაღებად, 5 000-დან 15 000-მდე დოლარის გირაოს გადახდა მოუწევთ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ცვლილება 2 აპრილს ამოქმედდება.
38 ქვეყნიან სიას, საქართველოსთან ერთად, 12 სახელმწიფო ემატება, მათი უმეტესობა აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს. საქართველო აღნიშნულ სიაში ერთადერთი ევროპული ქვეყანაა.
18 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო და კიდევ 11 ქვეყანა (კამბოჯა, ეთიპოია, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელები, ტუნისი) დაამატა იმ ქვეყანათა სიას, რომლის მოქალაქეებსაც სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ გარკვეული მოკლე ვადიანი ვიზებისთვის.
საუბარია B1 (ბიზნესი) და B2 (ტურიზმი/სამედიცინო მკურნალობა) ტიპის ვიზებზე. სავიზო გირაოს რაოდენობა შესაძლოა იყოს $5 000, $10 000 ან $15 000, რაც დადგენილი იქნება საკონსულო გასაუბრების დროს.
აღინიშნება, რომ სავიზო გირაოს გადახდა ვიზის მიღების გარანტიას არ იძლევა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სავიზო გირაოს პროგრამის მიზანია მნიშვნელოვნად შეამციროს ვიზის მიმღებთა რაოდენობა, ვინც აშშ-ში ყოფნის ვადებს აჭარბებს და ქვეყანაში არალეგალურად რჩებიან.
საქართველოსა და კიდევ 11 ქვეყნის დამატებით, “მაღალი რისკის” ქვეყანათა რაოდენობა, რომლებზეც სავიზო გირაოს პროგრამა ვრცელდება, 50-მდე გაიზარდა.
მსგავსი ტიპის სიაში უკვე იყვნენ: ალჟირი, ანგოლა, ანტიგუა და ბარბუდა, ბანგლადეში, ბენინი, ბუტანი, ბოტსვანა, ბურუნდი, კაბო-ვერდე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კოტ-დ’ივუარი, კუბა, ჯიბუტი, დომინიკა, ფიჯი, გაბონი, გამბია, გვინეა, გვინეა-ბისაუ, ყირგიზეთი, მალავი, მავრიტანია, ნამიბია, ნეპალი, ნიგერია, სან-ტომე და პრინსიპი, სენეგალი, ტაჯიკეთი, ტანზანია, ტოგო, ტონგა, თურქმენეთი, ტუვალუ, უგანდა, ვანუატუ, ვენესუელა, ზამბია და ზიმბაბვე.