ორმაგად მძიმე ვითარება გვაქვს: ერთი მხრივ, დასკვნის სიმძიმე - მეორე მხრივ, კიდევ უფრო დამამძიმებელია „ოცნების” რეაქცია - ნაცვლად იმისა, რომ ეს დასკვნა გამოეყენებინათ, მათ შორის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან გარკვეული ურთიერთობების გადატვირთვისთვის, ვხედავთ აბსურდულ განცხადებებს, რომ თითქოს ვიღაცას აქეთ ასწავლიან დემოკრატიას, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში მომზადებული ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.
„ორმაგად მძიმე ვითარება გვაქვს: ერთი მხრივ, დასკვნის სიმძიმე, რაც ძალიან მძიმე რეალობაში გვაყენებს ყველას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტებზე ჩვენ და საზოგადოება უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ. შეიძლება ითქვას, რომ ახალი და მოულოდნელი ამ დასკვნაში არაფერია. მეორე მხრივ, კიდევ უფრო დამამძიმებელია „ოცნების” რეაქცია.
ნაცვლად იმისა, რომ ეს დასკვნა გამოეყენებინათ, მათ შორის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან გარკვეული ურთიერთობების გადატვირთვისთვის, ვხედავთ აბსურდულ განცხადებებს, რომ თითქოს ვიღაცას აქეთ ასწავლიან დემოკრატიას. ჩვენ გვახსოვს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ცნობილი განცხადება, რომ ევროპასაც კი გავაკვირვებთო ისეთი დემოკრატია გვექნებაო. ფაქტობრივად, რამდენადაც არაადეკვატურია ეს განცხადება, იმდენად არაადეკვატურია დღევანდელი „ოცნება”. მძიმე რეალობაა ორი რამის გამო - თავად ამ დასკვნაში მოტანილი ფაქტების გამო და „ოცნების” რეაქცია კიდევ უფრო მძიმე რეალობას აჩვენებს ჩვენს საზოგადოებას”, - განაცხადა შარაშიძემ.