ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ირანული დრონების ჩამოგდებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებების გამართვა სურს.
ინფორმაციას ისრაელის გამოცემა Ynet საკუთარ წყაროებსა და ისრაელში უკრაინის ელჩ ევგენი კორნიჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ისრაელის თხოვნა უკავშირდება უკრაინის დიდ გამოცდილებას ირანული წარმოების დრონების განეიტრალების სფეროში და მიზნად ისახავს ამ მიმართულებით ისრაელსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის განვითარებას.
ისრაელში უკრაინის ელჩმა, ევგენი კორნიჩუკმა, დაადასტურა, რომ ასეთი მოთხოვნა გაგზავნილია და აღნიშნა, რომ გრაფიკის შეზღუდვების გამო, ზელენსკის და ნეთანიაჰუს შორის საუბარი ჯერ არ გამართულა, თუმცა იმედოვნებს, რომ ის კვირის დასაწყისში გაიმართება.