ისლანდიამ, შესაძლოა, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები წელიწად-ნახევარში დაასრულოს და ბლოკის 28-ე წევრი გახდეს.
ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა თორგერდურ კატრინ გუნარსდოტირმა გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ისლანდია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრია და შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონის ნაწილია, ამიტომ მის კანონმდებლობაში უკვე შედის ევროკავშირის ბევრი კანონი.
„თუ ისლანდიელები რეფერენდუმზე მოლაპარაკებების განახლებას დაუჭერენ მხარს, ჩვენთვის ეს არც ისე რთული და საკმაოდ სწრაფი პროცესი იქნება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულება“,- განაცხადა გუნარსდოტირმა.
შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა ისლანდიას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში კანდიდატებს, მაგალითად, მონტენეგროს გაუსწროს და ევროკავშირის 28-ე წევრი გახდეს, მინისტრმა უპასუხა: „დიახ“.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მაშინაც კი, თუ ისლანდიელები აგვისტოში თანხმობას განაცხადებენ, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ კიდევ ერთი ხმის მიცემა მაინც იქნება საჭირო.
გუნარსდოტირის თქმით, „გეოპოლიტიკური ტურბულენტობის“ პერიოდში ბლოკში გაწევრიანების სარგებელი შთამბეჭდავია.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საწარმოებისთვის, ჩვენი მრეწველობის სფეროებისთვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ მათთვის უსაფრთხო თავშესაფარი და დავიცვათ ისინი კავშირის ფარგლებში“, - დასძინა მან.