ოპოზიცია თავიანთ ბუნებრივ წიაღს დაუბრუნდა. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, ვინ არიან, ვინ იყვნენ და როგორ ატყუებდნენ ამომრჩეველს, თითქოს, სხვა პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. სინამდვილეში, ერთიანი, კოლექტიური „ნაციომალური მოძრაობა“ არიან, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„ოპოზიციის გაერთიანებას ვუყურებდი და ბიბლიური შეგონება გამახსენა – მიწა ხარ და მიწად იქეცი, თავიანთ ბუნებრივ წიაღს დაუბრუნდნენ, რაც ლოგიკური იყო. მოჩვენებითი წარმოდგენა იყო, თითქოს, გასული იყვნენ თავიანთი დედა პარტიიდან, „ნაციონალური მოძრაობიდან“, მაგრამ ამ დღეების განმავლობაში ყველაფერი კარგად გამოჩნდა. ისინი თავიანთ ბუნებრივ წიაღს დაუბრუნდნენ, საიდანაც თავის დროზე იშვნენ და სადაც მათი ადგილია იდეოლოგიურად. შეიძლება სხვაგან იყვნენ, სხვა სახელი ერქვათ, სხვა ფორმა ჰქონდეთ, მაგრამ ერთ იდეოლოგიას, ერთ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნიან. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, ვინ არიან, ვინ იყვნენ და როგორ ატყუებდნენ ამომრჩეველს, თითქოს, სხვა პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. სინამდვილეში, ერთიანი, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ არიან. ეს მოსაზრება გაერთიანებით თავად დაადასტურეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა ბელადომანიაა, განსაკუთრებით საუბარია მიხეილ სააკაშვილზე. ამას ზოგიერთი აღიარებდა თუ არა, სააკაშვილი ყოველთვის იყო ამ პარტიის მამოძრავებელი ძალა, იდეის და სულის ჩამდგმელი. ამ ნაწილში მისი განცხადებაც ლოგიკურია.
ვინმე თუ თავს წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილისგან განყენებულად და განდგომილად, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსაც აღიარებდა და რაღაცნაირად ეცდებოდა ამ პროცესისგან გარიდებას. ყველა მათგანმა საკუთარ ზურგზე აიღო ის პასუხისმგებლობა, რაც სააკაშვილის მმართველობის დროს ხდებოდა. როგორც იტყვიან, სალომე ზურაბიშვილიც ზემოდან მამალივით წააკლეს, მაგრამ ეს ფაქტია და ასეა. შეიძლება, ეს ადამიანი სხვანაირად პოზიციონირებდეს, მაგრამ იდეოლოგიურად კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ოჯახის წევრი აღმოჩნდა. ისიც იმ ადგილს და ოჯახს დაუბრუნდა, რომელსაც იდეოლოგიურად ეკუთვნის“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
2 მარტს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის შეხვედრა შედგა, რომლის შემდეგაც ნიკა გვარამიამ განაცხადა: „ოპოზიციის ალიანსი შედგა, ჩვენ ვქმნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის“.