უკრაინის სადესანტო-მოიერიშე ძალებმა ალექსანდროვსკის მიმართულებით ცხრა დასახლება გაათავისუფლეს და მტრის დიდი რაოდენობით აღჭურვილობა გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინული მედია სადესანტო-მოიერიშე ჯარების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ამ დროისთვის 9 დასახლებული პუნქტი გათავისუფლებულია. ჩვენს ზონაში მტრისგან სამი დასახლებული პუნქტი გაიწმინდა და ამჟამად კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტის გასათავისუფლებლად ბრძოლა მიმდინარეობს,“ - აცხადებენ უკრაინელი სამხედროები.
აღნიშნულია, რომ საჰაერო-სადესანტო-მოიერიშე ძალების ჯგუფის სამხედრო ნაწილები და ქვედანაყოფები აგრძელებენ აქტიურ შეტევით ოპერაციებს ალექსანდროვსკის მიმართულებით და მტერს ბრძოლის პირობებს თავს ახვევენ. წერტილოვანი და მასირებული დარტყმები ანადგურებს ოკუპანტების ცოცხალ ძალას, იარაღს, სამხედრო და სპეციალურ აღჭურვილობას.