ბრიტანეთის სამხედროებმა ერაყში ირანული დრონი ჩამოაგდეს. ამის შესახებ Sky News იუწყება.
გუშინ, დრონების საწინააღმდეგო დანაყოფმა ცეცხლი გაუხსნა დრონს, რომელიც ერაყში საფრთხეს უქმნიდა კოალიციის ბაზას, სადაც ბრიტანელი ჯარისკაცები არიან განთავსებული.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ Sky News-ს განუცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი აქტიურ ზომებს იღებს.
„ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი თავდაცვითი ძალები ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ ამ გაფრენებს ვახორციელებთ. ჩვენ ვანადგურებთ დრონებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ჩვენს ბაზებს, ჩვენს ხალხს ან ჩვენს მოკავშირეებს. და ეს ნამდვილად სერიოზული სიტუაციაა, რომელიც უარესდება“, - განაცხადა ჰილიმ.
ბრიტანეთმა კვიპროსსა და კატარში სამხედრო თვითმფრინავები განალაგა, ასევე ხმელეთზე განლაგებულ თვითმფრინავებს დამატებითი რადარები და დრონების საწინააღმდეგო შესაძლებლობები დაამატა.
დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალები არ მონაწილეობენ ირანის წინააღმდეგ შეტევით დარტყმებში, არამედ სხვა მოკავშირეებთან ერთად თანამშრომლობენ დიდი ბრიტანეთისა და მოკავშირეების ინტერესების დასაცავად სპარსეთის ყურეში და კვიპროსის გარშემო, სადაც დიდ ბრიტანეთს მნიშვნელოვანი საჰაერო ბაზა აქვს.
შეგახსენებთ, ჯონ ჰილიმ ასევე განაცხადა, რომ ირანიდან კვიპროსის მიმართულებით, სადაც ბრიტანული სამხედრო ბაზებია განლაგებული, ორი რაკეტა ისროლეს.