ირანმა ახლო აღმოსავლეთში ნავთობის მომარაგების მთავარი არტერია, ჰორმუზის სრუტე გადაკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Times of Israel ავრცელებს.
მედიის ცნობით, გემები ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისგან იღებენ შეტყობინებებს, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში გავლას კრძალავს.
„სრუტე მსოფლიოში ნავთობის ექსპორტის უმნიშვნელოვანესი მარშრუტია, რომელიც აკავშირებს სპარსეთის ყურის უმსხვილეს ნავთობპროდუქტების მწარმოებლებს, როგორიცაა საუდის არაბეთი, ირანი, ერაყი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანის ყურესა და არაბეთის ზღვასთან“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის საზღვაო მისიის, „ასპიდესის“, წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ ირანს ოფიციალურად არ დაუდასტურებია ასეთი ბრძანებები, თუმცა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი გემებთან კონტაქტზე იყო.
„თეირანი წლების განმავლობაში იმუქრებოდა, რომ ისლამურ რესპუბლიკაზე ნებისმიერი თავდასხმის საპასუხოდ ვიწრო წყალსავალს დაკეტავდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ბლოკირების ხშირი მუქარის მიუხედავად, თეირანს არასდროს მიუღია ზომები, თუმცა „უსაფრთხოების“ მიზნით ბოლო სამხედრო წვრთნების დროს სრუტის ნაწილი დროებით დაკეტა“, - აღნიშნავს გამოცემა.