უკრაინული მედიის ცნობით, 26 თებერვლის, ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური იერიში მიიტანა თავდასხმის დრონებისა და რაკეტების გამოყენებით. დაბომბეს რამდენიმე რეგიონი, არიან დაშავებულები.
საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინაში საჰაერო თავდასხმის შესახებ მასშტაბური განგაში დაახლოებით დილის 3:00 საათზე გამოცხადდა.
კრივი რიჰში რუსული თავდასხმის შედეგად ხუთსართულიანი შენობა დაზიანდა, არის ერთი დაშავებული. ამის შესახებ ინფორმაციას კრივი რიჰის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, ოლექსანდრ ვილკული ავრცელებს.
გარდა ამისა, კიევში ძლიერი აფეთქებები მოხდა.
როგორც კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ აღნიშნა, ხანძარი კიევის ორ რაიონში ღამით მტრის ერთობლივი თავდასხმის შედეგად გაჩნდა.
მისი თქმით, ხანძარი გოლოსეევის რაიონში, კერძო ტერიტორიაზე გაჩნდა. პეჩერსკის რაიონში ორსართულიან კერძო სახლს ცეცხლი გაუჩნდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
ასევე გახდა მასირებული რუსული თავდასხმის სამიზნე ზაპოროჟიეც.
ზაპოროჟიეს ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფედოროვმა, განაცხადა, რომ მტრის თავდასხმების შედეგად დაზიანდა 19 საცხოვრებელი კორპუსი, ოთხი კერძო სახლი და არასაცხოვრებელი შენობები, ასევე ორი სავაჭრო ცენტრი.
აფეთქებები იყო ხარკოვშიც. ქალაქზე და მის შემოგარენზე რუსეთის ფედერაციის ერთობლივი თავდასხმა განხორციელდა. ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცახდებით, დაზიანდა მრავალსართულიანი შენობა, გაზსადენი, გაჩნდა ხანძარი, არიან დაშავებულები.
ხარკოვის ოლქის ადმინსიტრაციის ხელმძღვანელის ოლეჰ სინეგუბოვის განცხადებით, ამ დროისთვის, ხარკოვსა და რაი-ოლენოვკაში მასშტაბური მტრის თავდასხმის დროს 14 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის 7 წლის ბიჭია. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ მოყოლილი.