უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო თარიღი სჭირდება. თუ ეს ასე არ მოხდება, პუტინი იპოვის გზას, რომ ათწლეულების განმავლობაში დაბლოკოს უკრაინა და ევროპა გახლიჩოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო თარიღის მიღება. როგორც დიპლომატიური პროცესის ნაწილი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, როგორც ომის დასრულებისკენ მიმართული ყველა დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილი და ეს მხოლოდ სურვილი არ არის. ეს მკაფიო გაგებაა იმისა, როგორ იმოქმედებს პუტინი. თუ თარიღი არ იქნება, თუ ასეთი გარანტია არ იქნება, ის იპოვის გზას, რომ ათწლეულების განმავლობაში უკრაინა დაბლოკოს, თქვენც გაგხლიჩოთ, ევროპაც გახლიჩოს. ჩვენ ამისგან თავი უნდა დავიცვათ“, - განაცხადა ზელენსკიმ სამშაბათს ევროპარლამენტისადმი სიტყვით მიმართვისას.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა ევროპულ ქვეყანას, რომლებიც უკრაინის ენერგეტიკული სისტემის, საჰაერო თავდაცვისა და „მსურველთა კოალიციის“ მხარდასაჭერად მუშაობენ.
„მსურველთა კოალიციამ“ უკვე გააერთიანა ევროპის ქვეყნები, შეერთებული შტატები, კანადა, იაპონია და სხვები. გთხოვთ, დაგვეხმარეთ, რეალური მნიშვნელობა მიენიჭოს „მსირველთა კოალიციის“ მუშაობას და გულწრფელად გვსურს ამ ომის დასრულება“, - მიმართა მან შეხვედრის მონაწილეებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსებმა უნდა გაიგონ, რომ ევროპა მხოლოდ რუსი ოლიგარქების ვილების მიწა არ არის.
„ეს არ არის მუზეუმი რუსი ჩინოვნიკების თაყვანისმცემლებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ აღფრთოვანდნენ სილამაზით და არც რუსი მკვლელების დასასვენებელი.
„რუსებმა უნდა გაიგონ, რომ ევროპა დამოუკიდებელი ერებისა და მილიონობით ადამიანის კავშირია, რომლებიც არ იტანენ დამცირებას და არ იტანენ ძალადობას“, - განაცხადა ზელენსკიმ.