ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკოლაი სტატკევიჩი ციხიდან გაათავისუფლეს და სახლში იმყოფება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრი „ვიასნა“ მის მეუღლეზე, მარინა ადამოვიჩზე დაყრდნობით იტყობინება. წერს Deutsche Welle
მისი თქმით, სტატკევიჩმა ციხეში ყოფნის დროს ინსულტი გადაიტანა. ამჟამად მას მეტყველების პრობლემები აქვს, თუმცა მისი ზოგადი მდგომარეობა სტაბილურად ითვლება.
ნიკოლაი სტატკევიჩი ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია, რომელიც პოლიტიკურად აქტიურია 1990-იანი წლებიდან.
2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მას საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2015 წლის დასაწყისში გაათავისუფლეს.
2020 წლის მაისში, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეს, პოლიტიკოსი კვლავ დააკავეს, ხოლო 2021 წლის დეკემბერში მას „მასობრივი არეულობის“ ორგანიზების ბრალდებით 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მან ციხეში თითქმის ექვსი წელი გაატარა.
2025 წლის სექტემბერში ბელარუსის ხელისუფლებამ 52 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, რომლებიც ლიეტუვაში გადაიყვანეს.
თუმცა, ნიკოლაი სტატკევიჩმა ქვეყნის დატოვებაზე უარი თქვა.
მან რამდენიმე საათი ლიეტუვასთან საზღვარზე ნეიტრალურ ზონაში გაატარა, შემდეგ კი ბელარუსში დააბრუნეს. ალექსანდრ ლუკაშენკამ მოგვიანებით განაცხადა, რომ სტატკევიჩი „უკან წაიყვანეს“. მედიის ცნობით, სტატკევიჩი შემდეგ ვიტებსკის ოლქის სასჯელაღსრულების კოლონიაში დააბრუნეს.
დიდი ხნის განმავლობაში მისი ადგილსამყოფელი უცნობი რჩებოდა, ოჯახის წევრებისთვისაც კი.
გარდა ამისა, გამოცხადდა, რომ პოლიტპატიმარი ნატალია ლევაია, რომელიც ცხრა თვის ორსულია, გათავისუფლდა. ალექსანდრ ლუკაშენკას პრესსამსახურის ცნობით, ლევაია შეწყალებულია.
იგი 2024 წლის მაისში დააკავეს პოლონეთიდან ბელარუსში დაბრუნების შემდეგ და ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს „ექსტრემისტული საქმიანობის დაფინანსების“ ბრალდებით, ტერმინი, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება ჩვეულებრივ იყენებს დამოუკიდებელი ინიციატივებისთვის შემოწირულობების აღსაწერად.
ნატალიამ ციხეში თითქმის ორი წელი გაატარა.