შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ ჯონსონმა განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ დაამტკიცა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების 21-ე პაკეტი, რომლის ღირებულება 12.9 მილიარდი კრონია (1.2 მილიარდი ევრო).
მინისტრის თქმით, დახმარება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული.
შვედეთი Tridon Mk2-ის სისტემის შესყიდვისა და მიწოდებისთვის დაახლოებით 400 მილიონ ევროს გამოყოფს. შვედური წარმოების ეს საზენიტო-სარაკეტო სისტემები განსაკუთრებით ეფექტურია დრონების ჩამოგდებაში.
გარდა ამისა, ქვეყანა სენსორებს, რობოტებსა და საზენიტო იარაღს გადასცემს. კიდევ 524 მილიონი ევრო უკრაინისთვის შორი მოქმედების რაკეტებისა და დრონების წარმოებას მოხმარდება.
დარჩენილი თანხები - 280 მილიონ ევროზე მეტი - გამოყენებული იქნება შვედეთის არმიის მარაგებიდან ყუმბარმტყორცნების, ასევე საარტილერიო ჭურვების, სათადარიგო ნაწილების და უკრაინის პირადი შემადგენლობის წვრთნისთვის.