საქართველოში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ვიზიტი იგეგმება. ამის შესახებ სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მინდა, განვაცხადო, რომ საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ძალიან კარგი ურთიერთობებია. არავითარი პრობლემა არ არსებობს. პარლამენტის თავმჯდომარეც საქართველოს უახლოეს პერიოდში ესტუმრება. ამასთან, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები მყარდება ახალი საკონსულოების გახსნით, მაგალითად, საკონსულო გაიხსნა ქუთაისში. ურთიერთობების გაუმჯობესება ხდება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლითაც, რომელიც დაინიშნა ბრატისლავიდან ქუთაისამდე და პირიქით. საქართველო ძალიან მიმზიდველია ტურისტული კუთხითაც. მინდა, ხაზგასმით განვაცხადო, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკა სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. თქვენი ქვეყნის ერთიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას ვაცხადებთ, მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყანა დაარღვევს ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა იურაი ბლანარმა. [საზოგადოებრივი მაუწყებელი]