უკრაინის თითოეულმა პარტნიორმა უნდა აღიაროს საკუთარი ძალა, უკრაინის მხარდაჭერისა და სიცოცხლის დაცვის უნარი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაკეტები ყოველდღიურად არის საჭირო. რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვა ყოველდღიურად არის საჭირო. დღეს კიევის ოლქში კვლავ ბალისტიკური აფეთქებები იყო. მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ უნდა დარჩეს მარტო და დახმარების გარეშე ასეთი თავდასხმებისა და ასეთი ომის წინაშე.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც უკრაინის მიმართ ერთგულია. მომდევნო კვირები ჩვენს პარტნიორებთან მუშაობისთვის დატვირთული პერიოდი იქნება. როგორც ყოველთვის, ჩვენ შედეგები გვჭირდება. შედეგები აუცილებლად უნდა იყოს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან აღნიშნა, რომ აქამდე ყველგან ხერხდება საჭირო ლოჯისტიკის შენარჩუნება.
„ამ კვირაში რუსეთის არმია თითქმის ყოველდღე ესხმოდა თავს რკინიგზას.
დღეს ჩერნიჰივის ოლქში მიზანმიმართული თავდასხმა მოხდა მატარებელზე, რომელსაც ხალხი უნდა გადაეყვანა. რამდენიმე დღის წინ, ხარკოვისა და დნიპროპეტროვსკის ოლქებში რკინიგზაზე თავდასხმები მოხდა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იცავს უკრაინის რკინიგზას და უზრუნველყოფს ჩვენი „უკრაინის რკინიგზის“ უწყვეტ, შეუფერხებელ ფუნქციონირებას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ამჟამად, ყველაზე რთული ვითარება კიევშია. ეს ეხება როგორც ელექტროენერგიას, ასევე გათბობას.
„უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ამჟამად საკმარისი რაოდენობის გათბობის ცენტრს მართავს: კიევში ორასზე მეტი ასეთი ცენტრია და მათ ბოლო 24 საათის განმავლობაში თითქმის ცხრა ათასმა ადამიანმა მიმართა“, - განაცხადა ზელენსკიმ.