დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მორგან მაკსვინიმ, აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩის, პიტერ მენდელსონის გარშემო აგორენული სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ The Guardian იუწყება
ლორდ მენდელსონი ელჩის თანამდებობიდან სექტემბერში გაათავისუფლეს, თუმცა ის კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ამერიკელი ფინანსისტის, სექსუალური ტრეფიკინგისთვის ბრალდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტები გამოაქვეყნა,
როგორც ირკვევა, პიტერ მენდელსონი ეპშტეინს კონფიდენციალურ ინფორმაციას უზიარებდა ბრიტანეთის მთავრობაში მუშაობის დროს.
ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგისთვის ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ბრალის თანახმად, მან ათობით არასრულწლოვანი გოგო სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართო. ეპშტეინი ციხეში გარდაიცვალა, ოფიციალური ინფორმაციით, მან სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს ასევე ეპშტეინის პარტნიორი ქალი გილეინ მაქსველი, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
2024 წელს გამოქვეყნებულ ეპშტეინის საქმის სასამართლო დოკუმენტებში დასახელებული იყო რამდენიმე ცნობილი სახელი, რომლებსაც ბრალდებულთან ჰქონდათ კავშირი.