ირანმა დადებითად შეაფასა ომანში შეერთებულ შტატებთან არაპირდაპირი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, რომელიც დაძაბულობის შემცირებასა და სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად.
ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, განაცხადა, რომ ომანის დედაქალაქ მასკატში ომანის შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებს „კარგი დასაწყისი“ ჰქონდა.
ირანელი მინისტრი მიიჩნევს, რომ მხარეებს „შეუძლიათ მიაღწიონ შეთანხმებულ ჩარჩოს მომავალი მოლაპარაკებებისთვის“, თუ პროცესი იმავე სულისკვეთებით გაგრძელდება.
მან დასძინა, რომ დისკუსიები შემოიფარგლება ბირთვული საკითხებით, რაზეც ისლამური რესპუბლიკა დაჟინებით მოითხოვს, ხოლო აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები უნდა შეეხოს ირანის რაკეტებს და თეირანის
მხარდაჭერას რეგიონალური მებრძოლი დაჯგუფებების მიმართ.
„ჩვენი მოლაპარაკებების თემა მკაცრად ბირთვულია და ჩვენ ამერიკელებთან სხვა საკითხებს არ განვიხილავთ“, - თქვა არაღჩიმ.
აშშ-ის ოფიციალურ პირებს დღეს გამართული მოლაპარაკებების შედეგებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, ომანში აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები დასრულდა, მხარეები კონსულტაციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.