უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ ნორვეგიამ ხელი მოაწერა 86.4 მილიონი ევროს ოდენობის ახალ შენატანს უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში. ამის შესახებ შმიჰალი Х-ზე წერს.
შმიჰალის თქმით, ნორვეგიის ფონდში მთლიანი შენატანი ამჟამად 163.6 მილიონ ევროს შეადგენს.
„ეს თანხები ხელს შეუწყობს რუსული თავდასხმების შედეგად დაზიანებული კრიტიკული ენერგეტიკული ობიექტების აღდგენას და უკრაინას მკაცრი ზამთრის განმავლობაში დაეხმარება“, - აღნიშნა მან.
მინისტრის განცხადებით, საერთო ჯამში, ფონდმა 36 დონორისგან 1.7 მილიარდ ევროზე მეტი მობილიზება მოახდინა და უზრუნველყო კრიტიკული აღჭურვილობით მომარაგება მთელი უკრაინის მასშტაბით.