დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, საქართველოს გვერდის ავლით, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ტერიტორიებზე, ევროპასთან დამაკავშირებელი ალტერნატიული დერეფნის რეალური პერსპექტივის შესახებ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ოცნების“ იზოლაციონისტურმა და ანტისახელმწიფოებრივმა პოლიტიკამ, სამწუხაროდ, შედეგი გამოიღო, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო კარგავს საკუთარ ადგილს და სტრატეგიულ მნიშვნელობას არა მხოლოდ მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე, არამედ რეგიონშიც, სამხრეთ კავკასიურ კონტექსტში,
„მაშინ, როდესაც ჩვენი მეზობლები, სომხეთი და აზერბაიჯანი, გონივრული და პრაგმატული საგარეო პოლიტიკით ცდილობენ მაქსიმალურად ისარგებლონ სწრაფად ცვალებადი გლობალური პოლიტიკური პროცესებით და საკუთარი ქვეყნების სტრატეგიული ინტერესებით მოქმედებენ, საქართველოში ძალაუფლება მიტაცებული აქვს რეჟიმს, რომელიც მიზანმიმართულად აზიანებს ურთიერთობებს ჩვენი ქვეყნის ნამდვილ მეგობრებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან და ღია კოლაბორაციაშია შესული ჩვენი ქვეყნის მთავარ მტერთან და ოკუპანტთან, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას და ეკონომიკურ განვითარებას.
ვხედავთ, რომ „ოცნების“ მავნებლური პოლიტიკის გამო, საქართველოსა და ამერიკას შორის წლების წინ უმაღლეს დონეზე არსებული სტრატეგიული ურთიერთობა ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და „ოცნების“ მიერ არჩეული ანტიევროპული პოლიტიკა რეალურ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივას.
თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს აღარ იწვევენ ისეთ მნიშვნელოვან ფორუმებზე, როგორიცაა დავოსი, სადაც მსოფლიოს ლიდერები ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურებზე თანხმდებიან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ოცნება“, როგორც არადემოკრატიული, კორუმპირებული და კრიმინალური რეჟიმი მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივების მოტივაციით მოქმედებს, რის გამოც მზად არის დააზიანოს საქართველოს ეროვნული ამოცანები და ხელისუფლების ყველაფრის ფასად შენარჩუნება საქართველოს სტრატეგიულ როლში გაცვალოს.
სამწუხაროდ, „ოცნების“ მიერ ბოლო წლებში გატარებული ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზნების დამაზიანებელი ქმედებების გამო საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნიდან იზოლაციაში მყოფ, გაღარიბებულ, საკუთარი მოქალაქეებისგან დაცლილ და კორუმპირებულ ქვეყნად გადაქცევის საფრთხე ემუქრება“, - განაცხადა შარაშიძემ.