აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ დიდი პროგრესი იქნა მიღწეული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, უკრაინის შესახებ გამართულ პანელურ სესიაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. "ის ერთ საკითხამდე დავიყვანეთ", - თქვა უიტკოფმა.
„მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ეს თემა ერთ საკითხამდე დავიყვანეთ და ამ საკითხის მოგვარების ვარიანტები განვიხილეთ. თუ ამ საკითხის მოგვარება ორივე მხარეს სურს, მაშინ ამას სრულად მოვაგვარებთ“, - განაცხადა უიტკოფმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ გუშინ საღამოს ესაუბრა უკრაინის დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კირილო ბუდანოვი და საპარლამენტო ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია.
“ისინი წარმოუდგენლები არიან. უკრაინელებო, თქვენ აქ შესანიშნავი მომლაპარაკებელი გუნდი გყავთ. ჩვენ ერთად ბევრი დრო გავატარეთ. ვფიქრობ, ერთ რამეზე შევთანხმდით. ასე რომ, ორივე მხარეს თუ სურს ამ საკითხის მოგვარება, ჩვენ ამას გავაკეთებთ. მე ეს გუშინ პრეზიდენტს ვუთხარი“, – განაცხადა უიტკოფმა.
უიტკოფმა დაადასტურა, რომ დღეს საღამოს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელთან, ჯარედ კუშნერთან ერთად მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მიზნით მიფრინავს.
„მოსკოვის შემდეგ აბუ-დაბიში მივემგზავრებით. ეს მნიშვნელოვანი ადგილია, რადგან იქ სამუშაო ჯგუფები სამხედრო და ეკონომიკური განვითარების საკითხებზე იმუშავებენ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა.