აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრენლანდიის გამო ევროპული ქვეყნების ნაწილს ტარიფებს უწესებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Truth Social.-ზე დაწერა.
„ჩვენ ფაქტობრივად მრავალი წლის განმავლობაში ვაფინანსებდით დანიას, ევროკავშირის ყველა ქვეყანას და სხვა ქვეყნებს, მათთვის გადასახადების ან სხვა სახის კომპენსაციის დაკისრების გარეშე. ახლა, საუკუნეების შემდეგ, დანიის დროა, უკან დაიხიოს - მსოფლიო მშვიდობა სასწორზეა“, - წერს ის.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ჩინეთსა და რუსეთს გრენლანდიის მიტაცება სურთ და დანიას ამის შესახებ არაფრის გაკეთება შეუძლია.
„მათი „დაცვა“ ახლა ორი ძაღლის მარხილისგან შედგება, რომელთაგან ერთი ახლახან დაემატა“, - წერს ტრამპი.
ტრამპის თქმით, კუნძულის დაცვა მხოლოდ შეერთებულ შტატებს, მისი პირადი ხელმძღვანელობით, შეუძლია.
ამავდროულად, ამერიკის პრეზიდენტმა აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ დანიამ, ნორვეგიამ, შვედეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ნიდერლანდებმა და ფინეთმა „უცნობი მიზნით გრენლანდიაში ვიზიტები განახორციელეს“, რითაც „შექმნეს უკიდურესად საშიში სიტუაცია ჩვენი პლანეტის უსაფრთხოებისა და გადარჩენისთვის“.
„ამ ქვეყნებმა, რომლებიც ამ ძალიან სახიფათო თამაშში მონაწილეობენ, შექმნეს რისკის ისეთი დონე, რომელიც მიუღებელია და არამდგრადი. ამიტომ, გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად, აუცილებელია გადამწყვეტი ზომების მიღება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს პოტენციურად საშიში სიტუაცია სწრაფად და გადამწყვეტად დასრულდეს“, - დასძინა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაცხადა დანიიდან, ნორვეგიიდან, შვედეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან და ფინეთიდან იმპორტირებული ყველა საქონელისთვის დამატებითი 10%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ. ახალი წესები 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდება, ხოლო 1-ელ ივნისს ეს ტარიფი 25%-მდე გაიზრდება.
„ეს ძალაში დარჩება მანამდე, ვიდრე გრენლანდიის სრულ და საბოლოო შესყიდვაზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული. შეერთებული შტატები ამ შეთანხმების განხორციელებას 150 წელზე მეტია ცდილობს. ბევრმა პრეზიდენტმა სცადა ეს - და საფუძვლიანი მიზეზების გამო - მაგრამ დანია ყოველთვის უარს ამბობდა“, - წერს ტრამპი.