გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ საშუალებას და იმედს ვიტოვებთ, რომ, საბოლოო ჯამში, BBC ბოდიშს მოიხდის საქართველოს წინაშე ამ რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციისა და ტყუილების გავრცელების გამო, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
"ამ ფილმის მიზანი იყო, რომ ტყუილ-მართალში არეული ინფორმაციის მიწოდებით საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში და შემდეგ დაეზიანებინათ საქართველოს ხელისუფლების, ზოგადად ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო არენაზე. დღეს და იმ პერიოდის შემდეგ, რასაც ჩვენ ვუყურებთ, რა განცხადებებიც გაკეთდა და რა კონტექსტშიც გამოიყენეს ეს ტყუილები, სწორედ ამაზე მეტყველებს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, მოფიქრებული და გააზრებული საინფორმაციო შეტევა საქართველოზე. მისი ერთადერთი მიზანი სწორედ ეს იყო. ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა, ამავე საშუალებებით და ფორმებით, რა ფორმებითაც და მეთოდებითაც ეს ტყუილები გავრცელდა, BBC-იმ ასევე დაადასტუროს, რომ ეს იყო არასწორი, შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია და საქართველოს რეპუტაციული ზიანი ამ გზით გამოასწოროს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ს ოფიციალური საჩივრით მიმართა და ბოდიშის მოხდას ითხოვს.