პირველად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა უკრაინის მოკავშირეების ფართო კოალიციას და პირობა დადო, რომ უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს, რაც მოიცავს ვალდებულებებს, მხარი დაუჭიროს ქვეყანას რუსეთის მხრიდან ხელახალი თავდასხმის შემთხვევაში. როგორც Reuters წერს, ეს დაპირება ძირითადად ევროპული ქვეყნებისგან შემდგარი „მსურველთა კოალიციის“ სამიტზე გაკეთდა, რომლის მიზანიც იყო იმ გარანტიების გაძლიერება, რომლებიც უკრაინას რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში დაეხმარება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კოალიციის წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, სამიტში ასევე მონაწილეობდნენ ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, ასევე ევროპაში აშშ-ის უმაღლესი მთავარსარდალი გენერალი ალექსუს გრინკევიჩი, რომელმაც წინა დღეს ევროპული არმიების ლიდერებს უსაფრთხოების გარანტიების დეტალები გააცნო.
უიტკოფმა სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „მტკიცედ უჭერს მხარს უსაფრთხოების პროტოკოლებს“.
„ეს უსაფრთხოების პროტოკოლები შექმნილია იმისთვის, რომ... შეაჩეროს უკრაინაზე შემდგომი თავდასხმები და... თუ თავდასხმა მოხდება, ისინი შექმნილია თავდაცვისთვის. ეს პროტოკოელბი იმდენად ძლიერია, რამდენადაც ეს საერთოდ შესაძლებელია“, - თქვა მან.
კუშნერმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თუ უკრაინელები საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ, „მათ უნდა იცოდნენ, რომ შეთანხმების შემდეგ ისინი უსაფრთხოდ იქნებიან, ექნებათ საიმედო შემაკავებელი მექანიზმი და იქნება რეალური გარანტიები, რომ ეს აღარ განმეორდება“.